რუსეთიდან საბანკო გზავნილების „ბლოკადა“ ტექნიკურად ძნელად განსახორციელებელია

რუსეთიდან საბანკო გზავნილების „ბლოკადა“ ტექნიკურად ძნელად განსახორციელებელია

19 მაისი, 2005
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ბოლო დროს არსებული დაძაბულობის ფონზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გაკეთდა განცხადება საქართველოში საბანკო გზავნილებისა და გადარიცხვების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გადმოგზავნილი თანხები საქართველოს მოსახლეობის ნაწილის საარსებო წყაროს წარმოადგენს, რუსეთის მხრიდან ამგვარი „ბლოკადა“ თანამედროვე საბანკო კომუნიკაციების პირობებში ტექნიკურად ძნელად განსახორციელებელია. ტექნიკური საკითხების გადაჭრის შემთხვევაშიც კი (თუ რუსულ ბანკებს აეკრძალათ საქართველოში ფულის გადარიცხვა), შესაძლებელი იქნება საქართველოში ფულის გადმორიცხვა ალტერნატიული გზებით. რეალურად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული „ბლოკადა“ უარყოფითად მხოლოდ მათივე ბანკების შემოსავლებსა და გადარიცხვების აღრიცხვიანობაზე იმოქმედებს.რუსული პრესის შეფასებით, ამგვარი გზავნილებისა და გადარიცხვების მოცულობა წელიწადში მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან რუსეთში ტრანსფერტების სახით გადის ოთხჯერ ნაკლები თანხა, ვიდრე შემოდის, საბანკო გზავნილების მოცულობის „რუსული ვერსია“ მეტად გაზვიადებულია. რუსეთიდან ტრანსფერტები საბანკო სისტემაში აღრიცხული მთლიანი გადარიცხვების, დაახლოებით, ერთ მესამედს შეადგენს (2004 წლის მონაცემებით, რუსეთიდან ოფიციალურმა საბანკო გზავნილებმა წელიწადში შეადგინა 93 მლნ 593 ათასი აშშ დოლარი).
სხვა სიახლეები