რომან გოცირიძე ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

რომან გოცირიძე ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

02 ნოემბერი, 2005
მოსკოვში 11-12 ნოემბერს  შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის რიგით მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე.   შეხვედრაზე პირველი მოხსენებით – „ფულად-საკრედიტო პოლიტიკა: რეგულირების ორგანოებისათვის მომავლის გამოწვევა“ წარსდგება ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პროფესორი ოტმარ ისინგი, ხოლო მეორე მოხსენებით – „გამოცდილება ადამიანისა, რომელმაც მთელი ცხოვრება ცენტრალურ ბანკში იმუშავა“, ინგლისის ბანკის ყოფილი მმართველი ლორდი ედვარდ ჯორჯი.    შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების მმართველთა კლუბის დისკუსიას გახსნის რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე სერგეი იგნატიევი. მასში მონაწილეობას მიიღებენ კლუბის წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობასა და საბანკო სისტემების განვითარების შესახებ იმსჯელებენ.   ვიზიტის ფარგლებში გაიმართება რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარესთან რომან გოცირიძის შეხვედრა, რომელზეც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის კომერციული ბანკების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ საფინანსო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და მათი უკანონო საქმიანობის გამო მკვეთრ პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს.   შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრა რუსეთში მეორედ იმართება მიმდინარე წელს. 27-28 მაისს მმართველთა კლუბის მეცამეტე შეხვედრას სანკტ-პეტერბურგი მასპინძლობდა.    აღნიშნული კლუბის წევრები არიან: საქართველო, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ყაზახეთი, მაკედონია, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, სომხეთი, საბერძნეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა.
სხვა სიახლეები