რომან გოცირიძე: ჩვენი ამოცანაა, საბანკო მომსახურების სიკეთე რეგიონების მოსახლეობამაც იგრძნოს
22 აგვისტო, 2005
ბათუმში 19-20 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრებმა ბანკის რეგიონული განვითარების სტრატეგია განიხილეს. გამსვლელი სხდომის მუშაობაში ეროვნული ბანკის რეგიონული ფილიალების მმართველებიც მონაწილეობდნენ.
„ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ქმედითი საფინანსო ცენტრი ხდება. მიმაჩნია, რომ საბანკო ცხოვრება თბილისის ფარგლებს უნდა გასცდეს. რეგიონში საბანკო სისტემის განვითარება კი საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამდენად, ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის ბათუმში გამართვა რეგიონულ საკითხებზე აქცენტის გადატანის სიმბოლური მაჩვენებელია,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული ბანკების აჭარაში მოქმედმა ფილიალებმა ორჯერ გაზარდეს საკრედიტო დაბანდება. „ეს იმის ნიშანია, რომ აჭარაში, ერთი მხრივ, იზრდება კომერციული ბანკების ფილიალების ქსელი და მეორე მხრივ, ბანკები ადგილობრივ მეწარმეებს სიამოვნებით აძლევენ სესხს. თუ აქამდე საბანკო სისტემა ეხმარებოდა აჭარის რეგიონის განვითარებას, ამჟამად ეს პროცესი ორმხრივ თანამშრომლობაში გადაიზარდა და რეგიონი თავად ხდება ბანკების განვითარების სტიმულის მიმცემი, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე შეხვდა. მან აღნიშნა, რომ აჭარაში ბიზნესი სწრაფად ვითარდება. ეს, პირველ რიგში, საბანკო სექტორს ეხება. ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგიონში საქართველოს კომერციული ბანკების 5 ფილიალი გაიხსნა, რაც ბანკების მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე მეტყველებს. შესაბამისად, საბანკო დაწესებულებებიც თამამად ახორციელებენ საინვესტიციო პროექტებს.
ეროვნული ბანკის საბჭომ მოისმინა ფილიალების მმართველთა მოხსენებები მათ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. თბილისთან შედარებით რეგიონებში საბანკო სექტორი სუსტად არის განვითარებული, საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთები ცენტრთან შედარებით მაღალია, ხოლო საკრედიტო დაბანდებების დიდი ნაწილი სამომხმარებლო სესხებზე მოდის, - აღნიშნეს ეროვნული ბანკის ფილიალების მმართველებმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საბანკო ცხოვრება თბილისის ფარგლებს უნდა გასცდეს და რეგიონებში საბანკო სისტემის განვითარება მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს. „ადგილობრივი თავისებურებების მიუხედავად, ყველა რეგიონს ერთი საერთო პრობლემა აქვს – ადგილზე საბანკო სისტემის განუვითარებლობა. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ბანკს ეს სახელი მხოლოდ ფორმალურად შეიძლება ეწოდოს. ასეთი ფილიალები მხოლოდ პენსიებს არიგებენ და ფაქტობრივად, ფოსტის როლს ასრულებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში, რეგიონების მოსახლეობამ საბანკო მომსახურების სიკეთე იგრძნოს,” - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ბანკის ბათუმის ფილიალში გამართული დისკუსიაში „საქართველოს განვითარება: ეკონომიკური და სოციალური ტენდენციები”, რომლის მუშაობაშიც აჭარის რეგიონში მოქმედი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის თქმით, ანალოგიური შეხვედრები და დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება და იგი, აჭარის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.