რომან გოცირიძე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
29 ივლისი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 31 ივლისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მონაწილეობას მიიღებს „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველთა საბჭოს სპეციალური მეორე სხდომის მუშაობაში, რომლის მოწვევის მიზანი „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის არჩევაა.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელს ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ამჟამად ეს პოსტი თურქეთის წარმომადგენელს მუსტაფა გურტინს უკავია. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად ამ ეტაპზე პრეტენზიას რუსეთი და თურქეთი აცხადებენ.
ბანკის მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის არჩევა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ერევანში (სომხეთი) „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს რიგით მე-7, წლიურ შეხვედრაზე იყო დაგეგმილი, მაგრამ მხარეთა პოზიციების შეუთანხმებლობის გამო საკითხის განხილვა გადაიდო.
„ბანკის მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის არჩევა ერევნის სამიტზე ვერ მოხერხდა. რომელ კანდიდატურას დავუჭერ მხარს, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. განცხადების წინასაწარ გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოებისათვის (საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ალბანეთი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა. ბანკის შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს. ხელშეკრულებას ბანკის დაფუძნების შესახებ თბილისში, ბისეკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი 1994 წლის 30 ივნისს, ხოლო რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 1996 წლის 25 დეკემბერს მოახდინა.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) საწესდებო კაპიტალი განსაზღვრულია 1 მლრდ ნსუ-ის (SDR – ნასესხობის სპეციალური უფლება) ოდენობით. საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის 1 ივნისიდან, ბანკმა ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ სს „საქართველოს ბანკს“, სს „თიბისი ბანკს“, სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკსა“ და სს „პროკრედიტბანკს“ 13,5 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. გარდა ამისა, იგი ახორციელებს საქართველოში ექსპორტის განვითარების სადაზღვევო-საკრედიტო სააგენტოსა და ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტებს, რომელთა ღირებულების საერთო მოცულობა 8 მლნ აშშ დოლარზე მეტია.