რომან გოცირიძე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
30 ნოემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 4 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველთა საბჭოს სპეციალური მესამე სხდომის მუშაობაში, რომლის მოწვევის მიზანი „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტის არჩევაა.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელთა არჩევის პროცედურის მიხედვით, აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის მმართველთა საბჭო ჯერ ირჩევს ბანკის აქციონერ ქვეყანას, რომლის წარმომადგენელიც განსაზღვრული ვადით ასრულებს საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობას.
ბანკის მმართველთა საბჭომ 2006-2010 წლებში ამ მოვალეობის შესრულება თურქეთს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ BSTDB-ის მეორე სპეციალურ სხდომაზე დააკისრა, რასაც მხარი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ დაუჭირა. მაშინ თურქეთის მხარის მიერ კანდიდატურის წარმოუდგენლობის გამო „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტის ვინაობა მმართველთა საბჭოს მომავალ სხდომამდე გადაიდო.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) სტრუქტურაში ყველაზე მსხვილი აქციონერებია თურქეთი, რუსეთი და საბერძნეთი, თითოეული ფლობს აქციების 16,5%-ს, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა – 13,5%-13,5%-ს, ალბანეთი და აზერბაიჯანი – 2-2%-ს, ხოლო საქართველო, სომხეთი და მოლდოვა კი თითოეული 1%-ის რაოდენობის აქციებს განკარგავენ. 2004 წელს საქართველოს წილი ბანკის სააქციო კაპიტალში, სოლიდური დავალიანების გამო, 2%-დან 1%-მდე შემცირდა.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა, რომლის შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს.
ხელშეკრულებას ბანკის დაფუძნების შესახებ თბილისში, ბისეკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი 1994 წლის 30 ივნისს, ხოლო მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 1996 წლის 25 დეკემბერს მოახდინა.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ჩამოყალიბების საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის 1 ივნისიდან, ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა სს „საქართველოს ბანკს“, სს „თიბისი ბანკს“, სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკსა“ და სს „პროკრედიტბანკს“ სსკბ „რესპუბლიკას“ 18 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. გარდა ამისა, იგი ახორციელებს საქართველოში ექსპორტის განვითარების სადაზღვევო-საკრედიტო სააგენტოსა და ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტებს, რომელთა ღირებულების საერთო მოცულობა 8 მლნ აშშ დოლარზე მეტია.