რომან გოცირიძე: საქართველომ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი, როგორც ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის გაფართოების ახალი მიმართულება
03 აპრილი, 2007
3 აპრილს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკური და ფინანსური განვითარების საკითხებზე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე. კონფერენცია, ძირითადად, ეძღვნება ახლო აღმოსავლეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური განვითარების საკითხებს. მონაწილეთა შორის არიან ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის სხვა მაღალი თანამდებობის პირები აღნიშნული რეგიონიდან. კერძოდ, თურქეთიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან, ირანიდან, ალჟირიდან, აზერბაიჯაინიდან, საქართველოსა და ყაზახეთიდან.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს ნობელის პრემიის სამი ლაურეატი: რობერტ მანდელი, ჯეიმს მირლისი, ფინ კიდლენდი. აგრეთვე სხვა მეცნიერ-ეკონომისტები მართვის სფეროდან.
რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „საქართველომ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი, როგორც ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის გაფართოების ახალი მიმართულება. ამიტომ, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხდება ამ ქვეყნების საფინანსო-ეკონომიკურ სფეროებში, შესაბამისად, მათ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოტენციალი“.
კონფერენცია ორ დღეს გასტანს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის გამოსვლა 4 აპრილსაა დაგეგმილი.