რომან გოცირიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას შეხვდა

რომან გოცირიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას შეხვდა

07 მაისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას, საქართველოსა და აზერბაიჯანში საგარეო სექტორის სტატისტიკის საკითხებში რეგიონული მრჩევლის, ნატალია ივანიკის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ვიზიტისას შემუშავებულ საგადასახდელო ბალანსთან დაკავშირებულ საშუალოვადიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. აღნიშნული მიზნად ისახავს საქართველოში საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის წარმოების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მჩეველი დაეხმარება საქართველოს ეროვნულ ბანკს საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის წარმოების ახალი სისტემის (ITRS – საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემა) დანერგვაში. ახალი სისტემის საშუალებით საგრძნობლად დაიხვეწება საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკური მონაცემების ხარისხი და მათი მიღების ოპერატიულობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადასახდელო ბალანსის წარმოებასთან ერთად უნდა განახორციელოს ქვეყნის ერთობლივი საგარეო ვალისა და საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვაც. იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია აზერბაიჯანსა და საქართველოში  საგადასახდელო ბალანსის სტრატეგიის განვითარების პროექტს ახორციელებს. აღნიშნული მისია თბილისში სამუშაო ვიზიტით მიმდინარე წლის 23 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა. 2007 წელს მათ დაგეგმილი აქვთ კიდევ ორი სამუშაო ვიზიტის განხორციელება. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის საგადასახდელო ბალანსის განყოფილების თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდებათ. საგადასახდელო ბალანსის წარმოება მიმდინარე წლიდან, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაცვლად, საქართველოს ეროვნულ ბანკში ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის დანერგვაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო.        
სხვა სიახლეები