რომან გოცირიძე კრაკოვში პოლონეთის ეროვნული ბანკის ფილიალის საქმიანობას გაეცნო
05 აგვისტო, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს პოლონეთის ეროვნული ბანკის კრაკოვის ფილიალს ეწვია. ქვეყნის მასშტაბით პოლონეთის ეროვნულ ბანკს 16 ფილიალი აქვს. კრაკოვში რომან გოცირიძე პოლონეთის ეროვნული ბანკის ამ ფილიალის საქმიანობას გაეცნო. მოგვიანებით კი ვარშავაში პოლონეთის ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი მოინახულა, სადაც ფულის ნიშნების დახარისხება და განადგურება ხდება.
რომან გოცირიძემ თავის პოლონელ კოლეგას ლეშეკ ბალცეროვიჩს აცნობა იმ სიახლის თაობაზე, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალში გეგმავს – უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკასა და ქალაქ თბილისის განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი ნაღდი ფულის სალაროსა და ფასეულობის საცავის განთავსებას ქალაქგარეთ, სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ შენობაში გეგმავს. ახალი საკასო ცენტრი გააკონტროლებს ნაღდი ფულით განხორციელებულ ყველა ოპერაციას და ფასეულობასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიან, დახურულ სივრცეში უსაფრთხო წარმოებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ლეშეკ ბალცეროვიჩი საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია. „პოლონეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა, სერიოზულად არის განწყობილი ევროზონაში შესვლაზე. შესაბამისად, ცდილობს, მთელი მისი ფულადი სისტემა და ტექნიკური მახასიათებლები ევროპულ სტანდარტებს მიუახლოოს. პოლონეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ევროგაერთიანებაში ინტეგრირების გზა ჯერ გასავლელი გვაქვს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
კრაკოვში ყოფნისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სიურპრიზი ელოდა – ქალაქის ისტორიულ ბაზრის მოედანზე, რომელიც ფართობით თბილისის თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედნებს უტოლდება, სამას კაფე-რესტორანს შორის აღმოჩნდა ქართული სახაჭაპურეც – ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი დაწესებულება კრაკოვში. ამ ქალაქში კიდევ სამი ქართული რესტორანია. „დიდი კმაყოფილებით აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ სახაჭაპურეს მომხმარებელი არ აკლია. სასიამოვნოა, რომ პოლონეთსა და, საერთოდ, ევროპაში ქართული სამზარეულო სერიოზულად იკიდებს ფეხს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლონეთს სამუშაო ვიზიტით პირველ აგვისტოს ეწვია. რომან გოცირიძემ პოლონეთის ეროვნული ბანკის ორგანიზებით მოწყობილ სემინარზე გააკეთა მოხსენება – „საქართველო: ეკონომიკური ცვლილებები და პერსპექტივები „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“. სემინარს, რომელიც პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა გახსნა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები, კომერციული ბანკების წარმომადგენლები, მეცნიერები, პოლონური ბიზნესისა და პრესის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიზიტის მსვლელობისას გადაწყდა, რომ პოლონეთის ეროვნული ბანკი საბანკო ზედამხედველობის, სავალუტო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში საქართველოს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.