რომან გოცირიძე აშშ-ის სამთავრობო ბანკ „ექსიმბანკის“ წარმომადგენელს შეხვდა
23 ივნისი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აშშ-ის „ექსპორტ-იმპორტ ბანკის“ წარმომადგენელი ნატაშა ზამეჩნიკი მიიღო.
„ექსიმბანკის“ წარმომადგენელი ამზადებს საქართველოს ეკონომიკის და საფინანსო სექტორის შესახებ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც „ექსიმბანკი“ ქვეყანას რეიტინგს მიანიჭებს. ამ რეიტინგის მიხედვით მოხდება „აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის“ საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირება საქართველოს მიმართ.
„ამჟამად „ექსიმბანკის“ აქტივობა საქართველოში ნაკლებია, რადგან ბანკი ხელმძღვანელობს ძველი, 2004 წელს მინიჭებული რეიტინგით, რომელიც საკმაოდ დაბალია, თქვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, რაც საქართველოს შესახებ მომზადებულ ახალ ანგარიშში აისახება“, – განაცხადა ნატაშა ზამეჩნიკმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ექსიმბანკის“ წარმომადგენელს ქვეყნის საბანკო-საფინანსო სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა. მისი განცხადებით, „საფინანსო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მზარდი სფეროა, რის გამოც, გასული წლის მაჩვენებლების მიხედვით, საერთაშორისო ექსპერტებმა 2005 წელი საქართველოში „საბანკო ბუმის“ წლად შეაფასეს. მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის დეკემბერში კომპანია Standard & Poor’s-მა საქართველოს პირველად მიანიჭა გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „B+“ და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი „B“, ხოლო სამ ქართულ ბანკს აქვს Fitchrating-ის მიერ მინიჭებული „B“ რეიტინგი. საქართველოს საბანკო სისტემაში უცხოური საბანკო და საფინანსო ინსტიტუტები კაპიტალის 51 პროცენტს ფლობენ და უცხოური ბანკების ინტერესი კიდევ უფრო იზრდება“.
„ექსპორტ-იმპორტ ბანკი“ აშშ-ის სახელმწიფო საექსპორტო საკრედიტო უწყებას წარმოადგენს. ბანკის საქმიანობის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე აშშ-ში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის დაფინანსება. „ექსიმბანკი“ ახდენს სხვადასხვა ქვეყნების საკრედიტო რისკების შეფასებას, სწავლობს ქვეყნებში კერძო სექტორის მდგომარეობას და აქედან გამომდინარე წარმართავს თავის საკრედიტო პოლიტიკას. ბანკს მოღვაწეობის 70-წლიანი ისტორია გააჩნია. „ექსპორტ-იმპორტ ბანკს“ მსოფლიოში განვითარებადი ბაზრების დასაფინანსებლად გაცემული აქვს 400 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის კრედიტი.