რომან გოცირიძემ კიშინიოვში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
19 ივნისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მონაწილეობა მიიღო „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველთა საბჭოს რიგით მეცხრე წლიურ შეკრებასა და „ბინზესდღის“ მუშაობაში, რომელიც 17-18 ივნისს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.
17 ივნისს მმართველთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განიხილეს BSTDB-ის მიერ 2006 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და დაამტკიცეს ბანკის ბიუჯეტი 2007 წლისათვის.
18 ივნისს რომან გოცირიძე მიწვეული იყო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების „ბიზნესდღეზე“, რომელიც შესავალი სიტყვით BSTDB-ის პრეზიდენტმა ჰაირეტინ კაპლანმა გახსნა. მონაწილეებს მიესალმა მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ვასილ ტარლევი.
ფორუმს ესწრებოდნენ „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისა“ და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „მომდევნო ოთხი წლის მანძილზე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ საქართველოში დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სხვადასხვა მიმართულების პროექტებს დააფინანსებს. თუ საქართველოდან წარდგენილი იქნება ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისათვის მიმზიდველი პროექტები, შესაძლებელია მათი რესურსები ქართული ფირმებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.“
დღის წესრიგის მიხედვით, „ბიზნესდღის“ პირველი ნაწილი დაეთმო დისკუსიას – ეკონომიკის განვითარების პროცესში საფინანსო ინსტიტუტების როლისა და მნიშვნელობის შესახებ. მეორე ნაწილში კი გაიმართა მსჯელობა საერთაშორისო საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, როგორც მდგრადი განვითარების კატალიზატორზე.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ (BSTDB) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა. მისი შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ ჩამოყალიბების საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის პირველი ივნისიდან, ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. მან საქართველოში 40 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროექტები დააფინანსა, აქედან, 32 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკს“, „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“, „პროკრედიტბანკს“, „რესპუბლიკას“. ამასთან, 8 მლნ აშშ დოლარი გამოყო ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტის განსახორციელებლად. ასევე, ქართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანია „ლომისს“, წარმოების განვითარების მიზნით, გამოეყო 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი სესხი.