რომან გოცირიძემ დავით გურამიშვილის გამოსახულებით საიუბილეო მონეტის გამოშვების გამო თავის უკრაინელ კოლეგას წერილი გაუგზავნა

რომან გოცირიძემ დავით გურამიშვილის გამოსახულებით საიუბილეო მონეტის გამოშვების გამო თავის უკრაინელ კოლეგას წერილი გაუგზავნა

20 სექტემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიესალმება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ დავით გურამიშვილის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი 2 გრივნის ღირებულების საიუბილეო მონეტის მიმოქცევაში გაშვებას. თავის უკრაინელი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეს ფაქტი უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის დამადასტურებელ კიდევ ერთ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა.   მონეტის ავერსზე გამოსახულია ქართული და უკრაინული ეროვნული ორნამენტები. ავერსის ზედა მხარეს ნახევრადწრიულად განლაგებულია წარწერა „უკრაინა“ და უკრაინის  სახელმწიფო გერბი, ქვედა მხარეს კი - წარწერა „2 გრივნა“ და უკრაინის ეროვნული ბანკის ზარაფხანის ლოგოტიპი.   მონეტის რევერსზე დატანილია დავით გურამიშვილის პროფილი საქართველოს მთების პეიზაჟის ფონზე. ერთ-ერთი მთის მწვერვალზე ეკლესიაა, ხოლო მონეტის რევერსის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ნახევრადწრიულად უკრაინულ და ქართულ ენაზე განთავსებულია წარწერა - „დავით გურამიშვილი“, ქვედა ნაწილში კი - მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი -1705-1792.   დავით გურამიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტის ტირაჟი 30 ათასი ცალია.    გამოჩენილი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი 1760 წელს უკრაინის ქალაქ მირგოროდში დასახლდა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. პოეტმა სახელგანთქმული ნაწარმოები „დავითიანი“ სწორედ უკრაინაში დაწერა.
სხვა სიახლეები