პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარების ტენდენციები

პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარების ტენდენციები

19 ნოემბერი, 2008

პლასტიკური ბარათების ბაზარი კვლავ დინამიკურად ვითარდება. 2008 წლის პირველი ნოემბრისათვის საქართველოში არსებული კომერციული ბანკების მიერ  ემიტირებული და მიმოქცევაში არსებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 3.5 მლნ შეადგინა, რაც 1.8-ჯერ მეტია 2007 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მაჩვენებელზე. აქედან, 84.9 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის. 2007 წელს იგივე მაჩვენებელი 93.4 პროცენტს შეადგენდა. პლასტიკური ბარათების სტრუქტურის ცვლილება საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნის სწრაფი ზრდის შედეგია. თუ ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობის ზრდამ 68.0 პროცენტი შეადგინა, საკრედიტო ბარათების რაოდენობა იმავე პერიოდში 4.2-ჯერ გაიზარდა.

კვლავ შეინიშნება VISA-ბარათის პოპულარობის ზრდა. იგი მიმოქცევაში არსებული ბარათების 80.4  პროცენტს შეადგენს; მას მოსდევს EURO CARD/MASTER CARD-ი 13.1 პროცენტით, ხოლო დანარჩენი 6.5 პროცენტი ადგილობრივი ბარათების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ მიმოქცევაში არსებული ბარათების მთლიან რაოდენობაში VISA ბარათების ხვედრითი წილი ბოლო ერთ წელიწადში 7.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

სულ უფრო იზრდება საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. 2008 წლის ოქტომბერში რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით განხორციელდა 2.8  მლნ ოპერაცია, რომელთა საერთო მოცულობა, 2007 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.1  პროცენტით გაიზარდა და 362.1 მლნ ლარი შეადგინა. ოპერაციების საერთო მოცულობის 94.7 პროცენტი რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით ქვეყნის შიგნით (მათ შორის, ინტერნეტით) განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის, 5.3 პროცენტი კი ამავე ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციებია.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, პლასტიკური ბარათებზე მომსახურება, რომელიც ხორციელდება კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებითა და პოსტერმინალებით. საანგარიშო თვის განმავლობაში კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებით და პოსტერმინალებით 1045.8 ათასი ოპერაცია განხორციელდა,  ოპერაციების საერთო მოცულობამ კი 195.8  მლნ ლარი შეადგინა. ამ უკანასკნელიდან 88.0 პროცენტი რეზიდენტი ბანკების, 12.0 პროცენტი კი არარეზიდენტი ბანკების მიერ  ემიტირებული ბარათებით განხორციელდა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ­­ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები