პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარების ტენდენციები
პლასტიკური ბარათების ბაზარი კვლავ დინამიკურად ვითარდება. საქართველოში არსებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული და მიმოქცევაში არსებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 3.6 მლნ შეადგინა, რაც 1.7-ჯერ მეტია 2008 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მაჩვენებელზე. აქედან, 84.6 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის. 2008 წელს იგივე მაჩვენებელი 92.1 პროცენტს შეადგენდა. პლასტიკური ბარათების სტრუქტურის ცვლილება საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნის სწრაფი ზრდის შედეგია. თუ ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობის ზრდამ 59.5 პროცენტი შეადგინა, საკრედიტო ბარათების რაოდენობა იმავე პერიოდში 3.4-ჯერ გაიზარდა.
VISA-ბარათი მიმოქცევაში არსებული ბარათების 80.0 პროცენტს შეადგენს, მას მოსდევს EURO CARD/MASTER CARD-ი 13.5 პროცენტით, ხოლო დანარჩენი 6.5 პროცენტი ადგილობრივი ბარათების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული ბარათების მთლიან რაოდენობაში VISA-ბარათების ხვედრითი წილი 6.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
სულ უფრო იზრდება საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. 2008 წლის დეკემბერში რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით განხორციელდა 3.2 მლნ ოპერაცია, რომელთა საერთო მოცულობა, 2007 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2 პროცენტით გაიზარდა და 408.9 მლნ ლარი შეადგინა. ოპერაციების საერთო მოცულობის 94.1 პროცენტი რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით ქვეყნის შიგნით (მათ შორის, ინტერნეტით) განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის, 5.9 პროცენტი კი ამავე ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციებია.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, პლასტიკური ბარათების მომსახურება, რომელიც ხორციელდება კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებითა და პოსტერმინალებით. საანგარიშო თვის განმავლობაში კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებით და პოსტერმინალებით 1094.5 ათასი ოპერაცია განხორციელდა, ოპერაციების საერთო მოცულობამ კი 241.9 მლნ ლარი შეადგინა. ამ უკანასკნელიდან 90.1 პროცენტი რეზიდენტი ბანკების, 9.9 პროცენტი კი არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით განხორციელდა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.