პარლამენტის მიერ სებ-ის 2000 წლის ანგარიშის დამტკიცების შესახებ
24 მაისი, 2001
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე საკანონმდებლო ხელისუფლებაში ეროვნული ბანკის მიერ 2000 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშით წარსდგა. საქართველოს პარლამენტმა კი 23 მაისს დეპუტატთა 138 ხმით არცერთის წინააღმდეგ აღნიშნული დოკუმენტი დაამტკიცა.
სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა მიზნად ისახავდა ფასებისა და საერთოდ ფინანსური სტაბილიზაციის ხელშეწყობას.საქართველოს ეროვნული ბანკი საანგარიშო წელს თავის საქმიანობას წარმართავდა ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ეკონომიკური კურსის გათვალისწინებით, "საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად.
ირაკლი მანაგაძის შეფასებით, ინფლაციის ტემპები საქართველოში მჭიდროდაა კორელირებული ფულის მასასა და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან. ფულის მასის ზრდა ერთობლივი მოთხოვნის და, შედეგად, ფასების ზრდას იწვევს. ამავდროულად სამომხმარებლო კალათაში იმპორტული საქონლის მნიშვნელოვანი წილის გამო ფასების დონე მეტად მგრძნობიარეა გაცვლითი კურსის მიმართ. ამდენად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განსაზღვრისას უმთავრეს შუალედურ ორიენტირად სწორედ ეს მაჩვენებლები იქნა აღებული.
მისივე ინფორმაციით, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 2000 წლის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი იყო და მხოლოდ უმნიშვნელო რყევებს განიცდიდა 1,975 ნიშნულის ირგვლივ. საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებამ და უცხოური ინვესტიციების საგრძნობმა გააქტიურებამ ქვეყანაში ვალუტის დიდი მასის შემოდინება განაპირობა. ამას დაერთო წლის მეორე ნახევრიდან საბიუჯეტო დისციპლინის რამდენადმე გაუმჯობესებაც.
სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ღია ბაზარზე ოპერაციების წარმოების მიზნით ეროვნულმა ბანკმა 2000 წელს პირველად დაიწყო სახაზინო ვალდებულებების საკუთარი პორტფელის ფორმირება ფინანსთა სამინისტროდან მათი პირდაპირი შესყიდვის გზით.
2000 წლის 22 მაისიდან ეროვნულმა ბანკმა საკუთარი პორტფელის გამოყენებით დაიწყო კომერციულ ბანკებთან რეპო გარიგებების დადება.
2000 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა ითვალისწინებდა თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმის პირობებში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას საერთაშორისო ბაზარზე სამამულო წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და ქვეყნის ეკონომიკის დინამიკური განვითარების ხელშეწყობისათვის საჭირო პარიტეტის დაცვით. ასეთ ვითარებაში ლარის კურსმა მიაღწია სტაბილურ წონასწორულ ნიშნულს. 1 აშშ დოლარის მიმართ მისმა საშუალო სიდიდემ საანალიზო წლის განმავლობაში 1,975 ლარი შეადგინა.
ირაკლი მანაგაძის შეფასებით, საქართველოში ინფლაციის დაბალმა ტემპებმა, ხოლო ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციის შედარებით მაღალმა დონემ, კარგად იმოქმედა ლარის რეალური გაცვლითი კურსის დინამიკაზე (ძირითადად თურქული ლირის მიმართ) და ხელი შეუწყო უცხოურ ბაზრებზე ქართული საქონლის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. შიდასავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა ფულის მასის ზრდას უწყობდა ხელს. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, მკვეთრად გაიზარდა ფულის მოთხოვნაც, რის შედეგადაც არ მოხდა ინფლაციის ტემპის აქსელერაცია.
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების რაოდენობა 2001 წლის 1 იანვრის მდგომარეობით წლის დასაწყისთან შედარებით 5 ერთეულით შემცირდა და წლის ბოლოსათვის საბანკო სისტემა წარმოდგენილი იყო 32 საბანკო დაწესებულებით, რომელთაგან 2 არის აზერბაიჯანისა და თურქეთის ბანკის ფილიალი.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2000 წელს აგრძელებდა მუშაობას საბანკო ზედამხედველობის სისტემის დახვეწისა და სრულყოფის მიმართულებით. კომერციული ბანკების საზედამხედველო ფუნქციის უკეთ შესრულების მიზნით გადამუშავდა და ამოქმედდა მთელი რიგი ნორმატიული აქტებისა, რომელთაგან მნიშვნელოვანია:
- კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის ღონისძიებათა სისტემა;- CAEL-ის სისტემით გარესაბანკო ზედამხედველობის და ანალიზის დასკვნის სახელმძღვანელო;- CAMEL-ის სისტემით კომერციული ბანკების ადგილზე შემოწმების აქტის განახლებული ვერსია;- ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკების მიერ საქართველოს ეროვნული ბანკიდან სესხის მიღების და დაფარვის წესი;- კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციის და შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნის და გამოყენების წესი.