პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოიწონა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოიწონა

23 თებერვალი, 2006
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოიწონეს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელმაც მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას და ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსებას უნდა შეუწყოს ხელი.   პროექტის შემუშავება ეროვნულ ბანკს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონით დაევალა. პროექტზე მუშაობისას კონსულტაციები მიმდინარეობდა საქართველოს მთავრობასთან, მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.   აღნიშნული კანონპროექტი ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობის პირობებს, მათი საქმიანობის პრინციპებს, უფლებამოსილებასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას. ვინაიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები არიან ღარიბი ან დაბალი შემოსავლის მქონე პირები, კანონპროექტი ითვალისწინებს მათთვის ხელმისაწვდომი პირობებით სესხის გაცემის შესაძლებლობას. მასში ასევე დარეგულირებულია მსესხებლისა და გამსესხებლის უფლება-მოვალეობები და სხვ.   საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ბაადურ ყიფიანის განცხადებით, „ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ზედამხედველობას უწევს საბანკო და არასაბანკო საფინანსო დაწესებულებებს, რომლებიც მოიზიდავენ დეპოზიტებს, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა არ ითვალისწინებს დეპოზიტების მოზიდვას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ზედამხედველობა წარიმართება ლიბერალურ რეჟიმში და, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, სიმბოლური იქნება, რაც გულისხმობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პერიოდული ანგარიშგების წარმოდგენას შესაბამისი მონეტარული გათვლების განსახორციელებლად“.   კანონპროექტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ფონდების სახით საქმიანობენ და დამხმარე სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, სამართლებლივ ფორმას შეიცვლიან და სააქციო ან შეზღუდული პასუხუსმგებლობის საზოგადოებებად გარდაიქმნებიან.   აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის მიკროსაფინანსო ცენტრის მიერ 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სეგმენტად შეფასდა, თუმცა დღემდე არ ხდებოდა ამ საქმიანობის შესაბამის საკანონმდებლო გარემოში მოქცევა, რაც მიკროსაფინანსო ბაზრის შემდგომ პროგრესს აფერხებდა.   საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოიწონეს. მისი შემდგომი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომებზე გაგრძელდება.   2006 წლისათვის საქართველოში მოქმედებს ათამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. მათი პორტფელის საერთო მოცულობა 42 000 000 ლარს უახლოვდება, ხოლო მსესხებელთა რაოდენობა დაახლოებით 38 000-ია. ისინი დაფუძნებულნი არიან 1997-2000 წლებში უცხოური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით.
სხვა სიახლეები