ოქტომბრიდან კომუნალურ გადასახადებზე საკომისო მოიხსნება

ოქტომბრიდან კომუნალურ გადასახადებზე საკომისო მოიხსნება

17 სექტემბერი, 2010

პირველი ოქტომბრიდან „ლიბერთი ბანკის“ 25 სერვის–ცენტრში კომუნალური გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს ბანკში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. შეხვედრას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია და "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელი ლადო გურგენიძე ესწრებოდნენ.

"ბანკებთან ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩამოვყალიბდით, რომ კომუნალური გადასახადის გადახდა საკომისიოს გარეშე თბილისის მასშტაბით "ლიბერთი ბანკის" 25 სერვის–ცენტრში გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია",  –  განაცხადა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა დასვა საკითხი კომერციულ ბანკებში კომუნალური გადასახადების გადახდისას 50 თეთრიანი საკომისიოს გაუქმების შესახებ და ეროვნულ ბანკს ამ საკითხის მოგვარება სთხოვა.

სხვა სიახლეები