საქართველოს სამონეტო ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა „ოქროს საწმისის” ოქროს საინვესტიციო მონეტები. შესაბამისად გაიზარდა მასზე მოთხოვნა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი სრულად აკმაყოფილებს.
საინვესტიციო მონეტებზე მოთხოვნის ზრდას საქართველოში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსოფლიოს ძვირფასი ლითონების ბაზარზე დამკვიდრებულმა ტენდენციამ – საფუძვლიანად მიიჩნევა, რომ ოქრო ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კაპიტალდაბანდების საშუალებაა.
ოქროს მონეტებში კაპიტალდაბანდების მსურველთა რიცხვი საქართველოში პერმანენტულად იზრდება. ექსპერტების აზრით, ამ პროდუქტზე დამატებული ღირებულების გადასახადის გაუქმების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა. საგულისხმოა, რომ ევროპისა და დსთ-ის არაერთ ქვეყანაში ოქროს საინვესტიციო მონეტა გათავისუფლებულია ამ სახის დაბეგვრის სისტემისაგან, რაც მასზე მოთხოვნას უფრო ამაღლებს.
ოქროს მსოფლიო ფასების დინამიკა ცხადჰყოფს, რომ ოქროს და შესაბამისად ამ ლითონისაგან დამზადებული საინვესტიციო მონეტების ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება – თუ 2006 წლის დასაწყისში ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზარზე ერთი უნცია ოქროს ფასი 520 აშშ დოლარს შეადგენდა, წლის ბოლოს იგი 635 აშშ დოლარს გაუტოლდა, ზრდის მაჩვენებელმა 22 პროცენტი შეადგინა. 2006 წლის 11 სექტემბრიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს მონეტების რეალიზაცია დაიწყო, „ოქროს საწმისის“ საინვესტიციო მონეტის ფასი 2007 წლის 26 თებერვლამდე 13 პროცენტით გაიზარდა (წლიური 28 პროცენტი). კიდევ უფრო შთამბეჭდავია ფასების ზრდის მაჩვენებელი მოკლევადიან პერიოდში 2007 წლის 5 თებერვლიდან 26 თებერვლამდე, რომელიც 5.7 პროცენტს, ანუ წლიურ 99 პროცენტს უტოლდება.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდა „ოქროს საწმისის“ ოქროს საინვესტიციო მონეტაზე, როგორც კაპიტალდაბანდების საუკეთესო საშუალებაზე.