ნიდერლანდები საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსურ-ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ დახმარებას გაუწევს

ნიდერლანდები საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსურ-ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ დახმარებას გაუწევს

27 ოქტომბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამ ქვეყნის სამთავრობო სააგენტოს – ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი შეეხო დახმარებას, რომელიც აღნიშნულმა სააგენტომ შესაძლოა, საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი საკასო ცენტრის ორგანიზებისათვის აღმოუჩინოს.   საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საერთაშორისო პრაქტიკისა და ქალაქ თბილისის განვითარების პერსპექტივის შესაბამისად, ნაღდი ფულის სალაროსა და ფასეულობის საცავის განთავსებას ქალაქგარეთ, სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ შენობაში გეგმავს.   „საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირსა და, შესაბამისად, ევროზონაში შესვლის სურვილის მქონე სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია გააჩნდეს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აღჭურვილი ნაღდი ფულის სალაროსა და ფასეულობის საცავი. ახალი საკასო ცენტრი გააკონტროლებს ნაღდი ფულით განხორციელებულ ყველა ოპერაციას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოახდენს ფასეულობასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობის ერთიან, დახურულ სივრცეში უსაფრთხო წარმოებას“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   შეხვედრაზე ნიდერლანდების მხარის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმის შესაძლებლობაზე, რომ ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია აღნიშნული პროექტის თანადამფინანსებლად გამოვა. ნიდერლანდურმა სამთავრობო სააგენტომ შეიძლება საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის ორგანიზებისათვის გრანტიც გამოყოს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში, რომელიც ნიდერლანდებს ლითონის ფულის ნიშნებით ამარაგებს. ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანის წარმომადგენლებმა ქართული ფულის დიზაინის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობისა და ფულის ნიშნების დამზადების სურვილი გამოთქვეს. გარდა ამისა, კომპანია 50 თეთრის, 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტების დამამზადებელი საწარმოს გამოსავლენ კონკურსში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.   შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ფულის მიმოქცევის ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად ემზადება. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს განზრახული აქვს, მიმოქცევაში გაუშვას იმ ნომინალის ფულადი ნიშნები, რომლებიც ევროს გააჩნია. „არსებულთან შედარებით უფრო მაღალი ნომინალის ლითონის მონეტების მოჭრის აუცილებლობა, ევროსტანდარტებზე გადასვლის გარდა, დაბალი ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნების ძლიერი ცვეთითა და მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებითაც არის ნაკარნახევი, რაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერიოდში ფულის ნიშნების გამოშვებისათვის საჭირო ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომიის ტოლფასი იქნება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
სხვა სიახლეები