ნათია თურნავამ ADB-ისა და "კრედო ბანკს" შორის აგრომეწარმეების მხარდამჭერი გარიგების  გაფორმების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ ADB-ისა და "კრედო ბანკს" შორის აგრომეწარმეების მხარდამჭერი გარიგების  გაფორმების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

19 თებერვალი, 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და კრედო ბანკს შორის 65 მლნ ლარის (დაახლოებით 25 მილიონი აშშ დოლარის) სასესხო ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ხელშეკრულება მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, გადამუშავებასა და ვაჭრობაში.  განსაკუთრებული ყურადღება ქალი მეწარმეების მხარდაჭერას დაეთმობა


ნათია
თურნავას თქმით, აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მასშტაბით ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში.


"ფინანსური სექტორის როლი გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში უმნიშვნელოვანესია და კრედო ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის ამ პროცესში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში. ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულ ობლიგაციებს გამოსცემს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის არის საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების მოწინავე მხარდამჭერი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


სებ
-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ზრდისთვის, ასევე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამის საშუალებით ADB- საქართველოს სულ მცირე 1.5 მილიონ მოქალაქეს ეხმარება სიცოცხლისუნარიანობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.


"ბოლო ორი წლის განმავლობაში ADB- განახორციელა ინვესტიციები მწვანე, გენდერულ და მდგრადობასთან დაკავშირებულ ბონდების გამოშვებაში. მათი გამოშვება კი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მოქმედი ქართული კომპანიების მიერ განხორციელდა. მათ შორის იყო პირველი ლარით დენომინირებული გენდერული და მწვანე ბონდები, რომლებიც გასულ წელს გამოუშვეს. ამ საკრედიტო რესურსის ლარით დენომინირება პირდაპირ უკავშირდება სებ-ის მიზანს, ხელი შეუწყოს მდგრად დაფინანსებას და მიმართოს სახსრები გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნების შესასრულებლად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მან
ასევე ხაზი გაუსვა ADB-სა და კრედო ბანკს შორის შეთანხმების ფარგლებში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და აღნიშნა, ეს აქცენტი მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალური პროექტების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. მისივე თქმით,  ქალი მეწარმეები საკრედიტო რესურსებზე წვდომის მხრივ კვლავაც აწყდებიან სირთულეებს.


"ქალთა ფინანსური განათლების გაუმჯობესებისა და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების ინიციატივები ამ ბარიერების აღმოფხვრაში დაგვეხმარება" - დასძინა ნათია თურნავამ.

19 თებერვალი, 2024

ფოტოგალერეა

7

სხვა სიახლეები