ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოში ინფლაციის შემცირების ტენდენციაზე. ისაუბრა, თანმიმდევრულ მონეტარულ პოლიტიკაზე, რამაც საქართველოში ფასების სტაბილურობა წარმატებით უზრუნველყო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, ფასების სტაბილურობა მდგრადი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში ძლიერი საგარეო ეკონომიკური შოკებისა, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ, 20 თვის განმავლობაში შემდგომ მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლებია. 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, ასევე რომ დაბალ ინფლაციასთან ერთად, მაღალია ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით 2024 წლის 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია რომ, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ეკონომიკის ჯამური პოტენციალი, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ანეიტრალებს.
„საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვანია, რათა მონეტარული პოლიტიკის რეაგირება საქართველოს ეკონომიკური ციკლების შესაბამისად წარიმართოს და მაქსიმალურად იქნეს შენელებული ბიზნეს ციკლით გამოწვეული ეკონომიკური მერყეობა. შედეგად, ინფლაცია და დასაქმება უფრო სტაბილურია, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების წინაპირობაა. ჩვენი ინფლაციის პროგნოზი კვლავ დაბალია და ვიმედოვნებთ, რომ კვლავაც შენარჩუნდება ასეთი კეთილსაიმედო კომბინაცია - დაბალი ინფლაცია/ფასების დონის სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, როგორც ნათია თურნავამ კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. განაკვეთი ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8.0 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.2 პროცენტის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.
მისივე თქმით, მაკროეკონომიკური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ზომიერი ბიჯებით განაგრძობს.
„აღსანიშნავია, რომ გლობალურად და განსაკუთრებით, რეგიონში მაღალი გაურკვევლობების ფონზე, ვითარება კვლავ სწრაფად ცვალებადია. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იყოს ფრთხილი და მოზომილი. საშუალოვადიან პერიოდში კი, სხვა თანაბარ პირობებში, განაკვეთი მისი ნეიტრალური დონის, მიმდინარე შეფასებით 7%-ის ფარგლებში იქნება.“- აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა და ხედვა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე ორიენტირებული რჩება. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინტერვენციები, ოქტომბერში, გაურკვევლობის ფონზე, უფრო მასობრივი აჟიოტაჟის და გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის პრევენციისთვის განხორციელდა. თუმცა მას შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება კვლავ განაახლა და ნოემბერში წმინდა შესყიდვამ 124.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მოხსენების ფარგლებში ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ლარიზაციის პოლიტიკაზე და ეროვნული ბანკის მხრიდან, გატარებულ ლარიზაციის ღონისძიებებზე. მისი თქმით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს, მაგრამ მიუხედავად ამ პოზიტიური ტენდენციებისა, დოლარიზაცია კვლავ მაღალია და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევად რჩება.
„როგორც მოსალოდნელი იყო, გატარებული ღონისძიებების შედეგად სესხების ლარიზაცია გაიზარდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ მოხსენების დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.
შეგახსენებთ, რომ "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. "მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში" მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას იყენებს.