მორიგი ინსტრუმენტი საერთაშორისო რეზერვების მართვის პროცესში
29 მარტი, 2013
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების მართვის პროცესში კიდევ ერთი ინსტრუმენტი - ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობა ჩართო. პროცესი მარტის თვიდან დაიწყო და მსოფლიო ბანკის მისია საქართველოს ეროვნულ ბანკს სპეციალურად ამ პროექტზე დაკვირვების მიზნით ეწვია.
„ფიუჩერსი“ ფინანსური შეთანხმებაა, რომელიც საერთაშორისო რეზერვების პორტფელის მართვის ეფექტურობისა და შემოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, ამავდროულად უზრუნველყოფს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის საპროცენტო განაკვეთების რისკების დაზღვევას.
ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობისას მხარეები კონტრაქტის დადების დღეს თანხმდებიან სტანდარტული აქტივის ყიდვაზე ან გაყიდვაზე წინასწარ განსაზღვრული დროისა და ფასის მითითებით. ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფიუჩერსული კონტრაქტები არის საპროცენტო განაკვეთისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფიუჩერსები. ორივე მათგანი ივაჭრება ჩიკაგოს ბირჟაზე, რომელიც აშშ-ის დოლარში დენომინირებული ფინანსური კონტრაქტების ყველაზე დიდი ბაზარია.
მსოფლიო ბანკთან ბოლო წლებში თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების მართვის პროცესში გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტების სიის ეტაპობრივი გაფართოება. 2009 წლიდან დღემდე მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს ეროვნულ ბანკში ეტაპობრივად განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის დაინერგა საერთაშორისო რეზერვების მართვის თანამედროვე სისტემა, დაიწყო საერთაშორისო რეზერვების სტრატეგიული განაწილების პროცესი და გაუმჯობესდა საერთაშორისო რეზერვების მართვის პრაქტიკა.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას და მომავალში სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.