მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების ცვლილების თაობაზე
ლარის ფულადი ბაზრის განვითარებისა და გააქტიურების, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისების მიზნით ეროვნული ბანკი იწყებს არსებული მონეტარული ინსტრუმენტების გააქტიურებას და ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებას.
მინიმალური რეზერვები: კომერციული ბანკების მიერ ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები გაიზრდება 10%–მდე. ამავდროულად, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, კომერციული ბანკებს სალარე საკორესპონდენტო ანგარიშზე განთავსებულ მინიმალური რეზერვების გაზრდილ თანხაზე (ანუ მოზიდული სახსრების დამატებულ 5%–ის თანხაზე) ეროვნული ბანკი დაარიცხავს საბაზრო განაკვეთს – მონეტარული პოლიტიკის განკვეთს (ამჟამად 5%). დღემდე ლარით მინიმალური რეზერვების ნაშთზე პროცენტების დარიცხვა არ ხორციელდებოდა.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან გაიზრდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების გაანგარიშების ბაზა, კერძოდ მოზიდულ სახსრებს დაემეტება არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრები. არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრების დარეზერვებით, საგარეო წყაროებიდან მოზიდული სახსრები თანაბარ პირობებში ჩადგება ადგილობრივ ბაზარზე მოზიდულ სახსრებთან.
ერთდღიანი დეპოზიტები: ეროვნული ბანკი აამოქმედებს ერთდღიან დეპოზიტებს, რომელსაც დაარიცხავს წლიურ 3%. ამის შედეგად კომერციულ ბანკს აქვს შესაძლებლობა საკორესპონდეტო ანგარიშზე არსებული ჭარბი ლარები განათავსოს ეროვნულ ბანკში ერთდღიან დეპოზიტზე, რომელიც შემდეგომი დღის დასაწყისშივე (დილას) დაუბრუნდება საკორესპონდენტო ანგარიშზე.
ერთდღიანი სესხები: ეროვნული ბანკი ამარტივებს ერთდღიანი სესხების აღების შესაძლებლობას, რომლის საპროცენტო განაკვეთი შემცირდება წლიური 10%–დან 7 %–მდე. ერთდღიანი სესხით კომერციულ ბანკს აქვს შესაძლებლობა ლიკვიდობის ნაკლებობისას, როდესაც ვერ ხდება სხვა ბანკებიდან ლიკვიდობის მოძიება, ეროვნული ბანკისაგან აიღოს ერთდღიანი სესხი. ერთდღიანი სესხის გაცემა მოხდება სტანდარტულად გამარტივებული პროცედურით „ბლუმბერგის“ სისტემის მეშვეობით, რისთვისაც ბანკმა „ბლუმბერგის“ სისტემაში NBGMO-ს მისამართზე უნდა გააგზავნოს თავისუფალი ფორმატის განაცხადი დებულებით განსაზღვრული ინფორმაციით.
რეფინანსირების სესხი წინასწარ დადგენილი ფიქსირებული პროცენტით: ამ ინსტრუმენტის მიხედვით კომერციულს ბანკს ეძლევა დამატებითი შესაძლებლობა, რომ აუქციონის გარეშე აიღოს რეფინანსირების სესხი იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების აუქციონის მეშვეობით ბანკი ვერ გაიმარჯვებს აუქციონზე და ვერ შეძლებს სესხის აღებას. ასეთი სესხის საპროცენტო განაკვეთი იქნება ფიქსირებული ეროვნული ბანკის მიერ 1 პროცენტული პუნქტის სპრედით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მიმართებაში. 29 აპრილიდან აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის ფიქსირებული პროცენტი შეადგენს წლიურ 6%–ს (5%+1%). ერთდღიანი სესხის ანალოგიურად, აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის გაცემა მოხდება სტანდარტულად გამარტივებული პროცედურით „ბლუმბერგის“ სისტემის მეშვეობით, რისთვისაც ბანკმა „ბლუმბერგის“ სისტემაში NBGMO-ს მისამართზე უნდა გააგზავნოს თავისუფალი ფორმატის განაცხადი დებულებით განსაზღვრული ინფორმაციით.
მონეტარული ოპერაციების გირაოს ბაზის გაფართოება: გირაოს ბაზის გაფართოების მიზნით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედით კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისაგან სესხის აღება შეუძლიათ თავიანთი სასესხო პორტფელის და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გარანტიის უზრუნველყოფით. სესხის უზრუნველყოფაში ეროვნული ბანკისათვის მისაღები სასესხო პორტფელის ფორმირების მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული იქნება სასესხო პორტფელის კრიტერიუმები. სასესხო პორტფელის კრიტერიუმების შესაბამისად გაცემული სესხებით კომერციულ ბანკს შეეძლება გაზარდოს დასაგირავებელი აქტივების ბაზა.