მონაკოში  „კრანსმონტანას“ სამდღიანი ფორუმი იწყება

მონაკოში „კრანსმონტანას“ სამდღიანი ფორუმი იწყება

23 ივნისი, 2005
მონაკოში 23 ივნისს „კრანსმონტანას“ რიგით მეთექვსმეტე ყოველწლიური სამდღიანი ფორუმი გაიხსნება, რომელზეც  დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე. ფორუმზე  მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის თემა  იქნება „დემოკრატია, მსოფლიო ინტეგრაცია და ეკონომიკური განვითარება აღმოსავლეთ ევროპაში“. ფორუმი მონაკოს პრინც ალბერტ II მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობს 120 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის 1200 სახელმწიფო მოხელე და ხელმძღვანელი. მსჯელობა გაიმართება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, ევროკავშირის განვითარების პერსპექტივებსა და საფინანსო ბაზრების სრულყოფის საკითხებზე. „კრანსმონტანას“ ფორუმი 1989 წლიდან ტარდება. მისი მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლები მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს განიხილავენ. ფორუმის შექმნის მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე განვითარების პრიორიტეტების დასახვა.
სხვა სიახლეები