მომხმარებელთა უფლებების დასაცავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი მიღება-გამოცვლის ახალი წესი შეიმუშავა
მომოქცევაში ეროვნული ვალუტის ხარისხის გაუმჯობესების და მომხმარებლისათვის გადასახდელად ვარგისი ფულით ანგარიშსწორებისას პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის ახალი წესი შეიმუშავა.
აღნიშნული წესის მიხედვით, დაიხვეწა და გამარტივდა გადასახდელად ვარგისი და უვარგისი ლარის ბანკნოტების/მონეტების კატეგორიები. უფრო ნათელი და გასაგები გახდა მათ შორის სხვაობა. კერძოდ:
I კატეგორია – გადასახდელად ვარგისი ისეთი ბანკნოტები, რომელთაც გააჩნიათ მცირე ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება და სხვ), რომლებიც არსებითად არ ცვლიან ბანკნოტის რეკვიზიტებს. მონეტები, რომლებსაც აქვთ მცირე ზომის ნაკაწრები და კოროზიის ნიშნები, შენარჩუნებული აქვთ ფერი და მკვეთრი გამოსახულებები.
II კატეგორია – გადასახდელად ვარგისი ისეთი დაზიანების მქონე ბანკნოტები, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება და სხვ) და ხელს არ უშლის ბანკნოტის დამცავი ნიშნებისა და ნომინალის იდენტიფიცირებას, ასევე შენარჩუნებულია ბანკნოტის ორიგინალური ზომა. მონეტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები, დაბინძურება და კოროზია, რაც მთლიანობაში არ ცვლის მონეტის გამოსახულებას, ზომას, ფერს და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება;
III კატეგორია – გადასახდელად ვარგისი ისეთი ბანკნოტები, რომელთაც შეცვლილი აქვთ ფერი, მაგრამ შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება, რომლებიც დახეული და შეწებებულია, მაგრამ მტკიცდება რომ შემადგენელი ნაწილები მიეკუთვნებიან ერთსა და იმავე ბანკნოტს; რომელთაც აქვთ ნებისმიერი დაზიანება, მაგრამ შენარჩუნებულია ორიგინალი ბანკნოტის ზომის 50 პროცენტზე მეტი და შესაძლებელია ბანკნოტის იდენტიფიცირება. მონეტები, რომელთაც აქვთ ნებისმიერი დაზიანება, მაგრამ შენარჩუნებულია ორიგინალი მონეტის ზომის 50 პროცენტზე მეტი და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.
IV კატეგორია – გადასახდელად უვარგისი ისეთი დაზიანებული ფული, რომლებიც არ აკმაყოფილებენ პირველი სამი კატეგორით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ახალი წესის მიხედვით, გამარტივდა დაზიანებული ლარის ბანკნოტები/მონეტების იდენტიფიცირების შემთხვევაში ორიგინალური ზომის მიხედვით მათი გამოცვლის ვალდებულება და იგი ნაცვლად აქამდე მოქმედი არანაკლებ 52 პროცენტისა და ერთ-ერთი სერიული ნომრისა განისაზღვრა ორიგინალური ბანკნოტის/მონეტის 50 პროცენტზე მეტის ფარგლებში.
გაუქმდა განზრახ დაზიანების მქონე ფულის ნიშნების ცნება, რადგან იგი გაუგებრობას იწვევდა მომხმარებელში.
წარმოდგენილი წესით არამეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი თქვას II, III და IV კატეგორიის ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიღებაზე. აქამდე ეს უფლება მხოლოდ III და IV კატეგორიის ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიღებაზე ვრცელდებოდა.
ახალი რედაქციით მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკებისა) და არამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში შეუფერხებლად მიიღონ მხოლოდ I და II კატეგორიის ლარის ბანკნოტები და მონეტები ნომინალური ღირებულების მიხედვით.
წესის მიხედვით I, II და III კატეგორიის ლარის ბანკნოტების/მონეტების მიღების ვალდებულება დაეკისრათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს, რომლებმაც მიმოქცევაში აღარ უნდა გაუშვან II და III კატეგორიის ფულის ნიშნები და უზრუნველყონ მათი ეროვნულ ბანკში ჩაბარება.
ეროვნული ბანკის მიერ გაკეთდა დაშვება, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ ვერ ხდება დაზიანებული ლარის ბანკნოტისა და მონეტისათვის IV კატეგორიის მინიჭება, მათი ვარგისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
შეიცვალა IV კატეგორიის ფულის ნიშნების მიღება-გამოცვლის ვალდებულების ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც ამ კატეგორიის ლარის ბანკნოტები/მონეტები არ წარმოშობს მათი მიღება-გამოცვლის ვალდებულებას და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება მფლობელს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მფლობელისათვის მათი დაბრუნება, მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკებისა) და არამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე ასეთი ფულის ნიშნები გადასცენ კომერციულ ან საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო კომერციულმა ბანკებმა, ასევე ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე - საქართველოს ეროვნულ ბანკს.