მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქმიანობას ახალი კანონით გააგრძელებენ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქმიანობას ახალი კანონით გააგრძელებენ

02 აგვისტო, 2006
საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ახალი კანონის თანახმად მოუწვეთ საქმიანობის წარმართვა. შესაბამის კანონს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით მომზადდა, საქართველოს პრეზიდენტმა 18 ივლისს ხელი მოაწერა და იგი უკვე მოქმედებს. აღნიშნული აქტი ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობის პირობებს, მათი საქმიანობის პრინციპებსა და უფლებამოსილებას, ორგანიზაციულ სტრუქტურას.   მიკროსაფინანსო საქმიანობას ამჟამად ოფიციალურად ახორციელებს 13-მდე ორგანიზაცია, რომლებიც დაფუძნებულნი არიან 1997-2000 წლებში უცხოური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. თითოეული მათგანი მეტ-ნაკლები აქტიურობით მუშაობს საქართველოს საფინანსო ბაზარზე და თავისი წვლილი შეაქვთ ღარიბი და მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქების თვითდასაქმებაში მათთვის ინდივიდუალური და ჯგუფური სესხების მიცემით. ამჟამად მათი სასესხო პორტფელი დაახლოებით 51 მლნ ლარია, ჰყავთ 43 ათასი აქტიური მსესხებელი, რომლებმაც მიკროსესხების გამოყენებით შეძლეს საკუთარი ფინანსური და, შესაბამისად, სოციალური მდგომარეობის გამოსწორება.     მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და საქმიანობას მისივე ზედამხედველობით ახორციელებს. ვინაიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები არიან ღარიბი ან დაბალი შემოსავლის მქონე პირები და სოციალური მდგომარეობა მათ არ აძლევთ შესაძლებლობას, იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულნი, კანონი, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სესხის გაცემის პირობებს, მსესხებლისა და გამსესხებლის უფლება-მოვალეობებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაქმნელად საჭიროა საწყისი კაპიტალი 250 ათასი ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ოდენობაა 50 ათასი ლარი.
სხვა სიახლეები