მიიღეთ მონაწილეობა ლარის სიმბოლოს შერჩევაში
ქართული ფულის - ლარის სიმბოლოს შესარჩევმა დროებითმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები (სულ 12 წევრი), წარმოდგენილი 231 ნიმუშიდან 5 საუკეთესო შეარჩია. საბოლოო გამარჯვებული ნიმუშის გამოვლენამდე ლარის სიმბოლოს შესარჩევმა დროებითმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შერჩევის პროცესში აქტიურად ჩართოს დაინტერესებული საზოგადოებაც.
ამ მიზნით, 2014 წლის 25 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე www.nbg.gov.ge/vote ჩატარდება გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა ინტერნეტ მომხმარებელს. გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად აღნიშნულ ვებგვერდზე მომხმარებელმა უნდა მონიშნოს მისთვის სასურველი ერთი სიმბოლო და დაადასტუროს ხმის მიცემა. ინტერნეტ გამოკითხვას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება და ლარის სიმბოლოს შესარჩევ კომისიას გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენაში დაეხმარება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის სიმბოლოს შესარჩევი კონკურსი 2013 წლის 27 დეკემბერს გამოაცხადა. ქართული ფულის - ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ლარის ცნობადობას საზოგადოებაში და შესაბამისად დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე.