მთავრობის, პარლამენტის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტი მოიწონეს
20 თებერვალი, 2006
კანონპროექტი „მიკროსაფინასო ორგანიზაციების შესახებ“, რომელმაც აღნიშნული სექტორის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პარლამენტის, მთავრობის, ეროვნული ბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია იყო და იგი „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
კანონპროექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავდა და საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა. აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება ეროვნულ ბანკს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონით დაევალა.
აღნიშნული კანონპროექტი ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობის პირობებს, მათი საქმიანობის პრინციპებსა და უფლებამოსილებას, ორგანიზაციულ სტრუქტურას. ვინაიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები არიან ღარიბი ან დაბალი შემოსავლის მქონე პირები და სოციალური მდგომარეობა მათ არ აძლევთ შესაძლებლობას, იყვნენ სათანადოდ განათლებულები და მრავალმხრივ ინფორმირებულნი, კანონპროექტი, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სესხის გაცემის პირობებს, მსესხებლისა და გამსესხებლის უფლება-მოვალეობებს.
აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიკროსაფინანსო ცენტრის მიერ 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სეგმენტად შეფასდა, თუმცა დღემდე არ ხდებოდა ამ საქმიანობის შესაბამის საკანონმდებლო გარემოში მოქცევა, რაც მიკროსაფინანსო ბაზრის შემდგომ პროგრესს აფერხებდა.
კანონპროექტის განხილვისას მიკროსაფინასო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შესაბამისი კანონის მიღება მოაწესრიგებს მიკროსაფინანსო სექტორს საქართველოში. ეს სექტორი 90-იანი წლების ბოლოდან არსებობს და რეალურად საქართველოს საფინანსო სისტემის ნაწილია, თუმცა კანონით არ რეგულირდება. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს კანონის არსებობას, რათა განისაზღვროს წესები, რომლითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იმუშავებენ. კანონი მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის გამარტივების თვალსაზრისითაც.
2006 წლისათვის საქართველოში მოქმედებს ათამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. მათი პორტფელის საერთო მოცულობა 42 000 000 ლარს უახლოვდება, ხოლო მსესხებელთა რაოდენობა დაახლოებით 38 000-ია. ისინი დაფუძნებულნი არიან 1997-2000 წლებში უცხოური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. თითოეული მათგანი მეტ-ნაკლები აქტიურობით მუშაობს საქართველოს საფინანსო ბაზარზე და მოკრძალებული წვლილი შეაქვს ღარიბი და მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეების თვითდასაქმებაში მათთვის ინდივიდუალური და ჯგუფური სესხების მიცემით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე მათი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით, რომელთა ფინანსური მხარდაჭერით, სიღარიბის დაძლევის მიზნით, უნდა განხორციელდეს მიკროსესხების პროგრამები, დღის წესრიგში დადგა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტის შემუშავება.