ლეშეკ ბალცეროვიჩი: ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი უნდა იყოს, რათა ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკა არსებობდეს

ლეშეკ ბალცეროვიჩი: ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი უნდა იყოს, რათა ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკა არსებობდეს

18 ნოემბერი, 2005
პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბორჯომის სამთავრობო რეზიდენციაში ჩაატარა სემინარი თემაზე „პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის გაკვეთილები“.   ბორჯომის სემინარს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით გაიმართა, ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე,  ეროვნული ბანკის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელები, რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი ბიზნესსტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები.   ლეშეკ ბალცეროვიჩმა  სემინარზე აღნიშნა, რომ „პოსტკომუნისტური განვლილი პერიოდის განსაკუთრებულობა შესაძლებლობების სიმრავლეშია. დემოკრატია, არჩევანის შესაძლებლობას ნიშნავს, არჩევანი კონკურენციის წინაპირობაა, ხოლო კონკურენცია – განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა“.   სემინარის მიმდინარეობისას პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მან დადებითად შეაფასა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდი საქართველოში და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის დასაწყისია. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესია ფისკალურ სფეროში განხორციელებულ  რეფორმებში, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის, კორუფციის აღკვეთისა და კონტრაბანდის შემცირების პროცესში. სემინარზე ლეშეკ ბალცეროვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. „ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ყოველთვის უნდა განსაზღვროს ეროვნულმა ბანკმა იმის მიუხედავად, მოსწონთ ეს პოლიტიკოსებს თუ არა. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი უნდა იყოს, რათა ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკა არსებობდეს“, – განაცხადა ბალცეროვიჩმა.   პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა დაათვალიერა საკურორტო ქალაქ ბორჯომის ღირსშესანიშნაობანი და გაეცნო მისი ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებს. პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში 19 ნოემბერს დასრულდება.
სხვა სიახლეები