ლარმა ტაილანდშიც გაიბრწყინა

ლარმა ტაილანდშიც გაიბრწყინა

15 მაისი, 2007
ტაილანდის დედაქალაქ ბანკგკოკში დასრულდა ვალუტის ყოველწლიური კონფერენცია. მასში მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური ბანკები, ბანკნოტების მწარმოებელი ფირმები და სხვა საფინანსო დაწესებულებები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. კონფერენციაზე განიხილეს საბანკო პროცესები, ახალი პროდუქცია და ბანკნოტების დამცავი ნიშნები.   ბანკნოტების მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა გერმანულმა კომპანიამ „გიზეკე უნდ დევრიენტმა“ კონფერენციაზე სიამაყით გამოფინა ახალი 200 ლარის ნომინალის ბანკნოტი, როგორც მათი ფირმის ტექნოლოგიური და მხატვრული წარმატების ნიმუში. (დიზაინის ავტორები: ბაჩანა და ნოდარ მალაზონიები).   როგორც კონფერენციის ოფიციალური გამოცემა იუწყება, „ახალი ქართული ბანკნოტი აღჭურვილია ახალი დამცავი ნიშნების მთელი არსენალით, მათ შორისაა ციფრული ტექნოლოგიით გრავირებული პორტრეტი (ეს არის ეროვნული გმირის, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის პორტრეტი), მულტიტონალური ჭვირნიშანი ელექტროტიპური წარწერით, წყვეტილი დამცავი ხაზი და „გიზეკე უნდ დევრიენტის“ ექსკლუზივი – PEAK® (ფარული მეტალისებრი რელიეფური გამოსახულება), FIT® მედალი (რელიეფური მედალიონი) და LOOK® (ლაზერული ბეჭდვა). ბანკნოტმა კონფერენციაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.“   ცნობილი ბრიტანული ეკონომიკური ჟურნალი „Currency News” ქართულ 200 ლარის ბანკნოტს მაისის ნომერში სპეციალურ სტატიას მიუძღვნის.   ფულის კონფერენციათა სერია სათავეს 1992 წლიდან, სან-ფრანცისკოდან (აშშ) იღებს. პირველ კონფერენციებზე ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა ბანკნოტების დამუშავების პროცესების ავტომატიზაცია ცენტრალური და მსხვილი კომერციული ბანკების დონეზე. ჰონკონგის კონფერენციიდან მოყოლებული (1995) კი, ფორუმი სავალუტო კონფერენციად იქცა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან მასზე ფულის ბრუნვასთან დაკავშირებული უკლებლივ ყველა საკითხის განხილვები დაიწყო. დღეს Currency Conference სრულად პასუხობს ცენტრალური ბანკების და ბანკნოტური ინდუსტრიის წარმომადგენელთა მოთხოვნებს. ტაილანდის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა მსოფლიოს 100 ქვეყნის 450 დელეგატზე მეტი, რომლებიც არანაკლებ 80 ცენტრალურ ბანკს, ბანკნოტების წარმოების სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებს და კომპანიებს  წარმოადგენდნენ.
სხვა სიახლეები