ლარი მსყიდველობითუნარიანობასთან ერთად სტაბილურობას შეინარჩუნებს

ლარი მსყიდველობითუნარიანობასთან ერთად სტაბილურობას შეინარჩუნებს

30 მაისი, 2005
უკანასკნელ პერიოდში სტაბილური მონეტარული ფონი, მკაცრი ფისკალური პოლიტიკა და ეკონომიკის ლეგალიზაციის მზარდი მასშტაბები ეროვნული ვალუტისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამაღლებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, ლარის მიმოქცევის როგორც ეკონომიკური, ისე გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა. გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა თითქმის 13%-ით გამყარდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა ავტორიტეტულ ჟურნალ „Деньги“-ს სტატიაში – „პოლონურ-ქართული ალტერნატივა“, რომლის ავტორიც მოსახლეობას ურჩევს, ფულადი დანაზოგები ქართულ ლარსა და პოლონურ ზლოტში შეინახონ.ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა ცხადყოფს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება დროებითი მოვლენა არ ყოფილა. ეკონომიკაში განვითარებული დადებითი პროცესების შედეგად ლარის მყარი პოზიცია მიმდინარე წელს კიდევ უფრო განმტკიცდება. ამასთან, 2005 წლის განვლილ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ მეტად ვიწრო დიაპაზონში – 1,81-1,84-ის ფარგლებში მოძრაობდა. საანალიზო პერიოდშივე, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციების ხვედრითი წილი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინსტრუმენტების მეშვეობით ლარის კურსის მკვეთრი რყევების თავიდან ასაცილებლად საკმარისი ოდენობის სავალუტო რეზერვები გააჩნია. მიმდინარე წლის 25 მაისის მდგომარეობით, ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ 453.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან 70 მლნ-ზე მეტი აშშ დოლარით გაიზარდა. როგორც დავით ამაღლობელმა აღნიშნა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას მომავალშიც უზრუნველყოფს.ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ვალუტის ასეთი მყარი პოზიცია სალარე ოპერაციების მასშტაბების გაფართოების სტიმულს კიდევ უფრო აძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 2005 წლის დასაწყისის დონეზე რჩება, მათში ვადიანი დეპოზიტების წილის ზრდის ტენდენცია მეტად თვალსაჩინოა. ამასთან, მიმდინარე წელსვე გააქტიურდა ეკონომიკის მოთხოვნა ეროვნული ვალუტით დაკრედიტებაზე, რასაც საბანკო სისტემის ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. შედეგად, გასული 12 თვის განმავლობაში გაორმაგდა ლარებში გაცემული სესხები. დავით ამაღლობელის შეფასებით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ეროვნული ვალუტის ფუნქციებიც. ლარი მოსახლეობისა და იურიდიული პირებისათვის, დანაზოგების შენახვისა და დეპონირების თვალსაზრისით, სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მომავალში, ეროვნული ვალუტის სიმყარე, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მდგრადი საბანკო სისტემა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას კიდევ უფრო აამაღლებს. შესაბამისად, საგრძნობლად გაიზრდება ლარში აკუმულირებული დანაზოგების მოცულობაც.
სხვა სიახლეები