ლარის სიმბოლოს კონკურსში განაცხადების მიღება დასრულებულია

ლარის სიმბოლოს კონკურსში განაცხადების მიღება დასრულებულია

30 იანვარი, 2014
ლარის სიმბოლოს კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა. სულ შემოსულია 150 ნიმუშზე მეტი. ლარის სიმბოლოს შესარჩევი დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები, განიხილავს მიღებულ განაცხადებს და შეფასების შემდეგ გამოავლენს გამარჯვებულ კონკურსანტს. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის სიმბოლოს შესარჩევი კონკურსი 2013 წლის 27 დეკემბერს გამოაცხადა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 27 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ქართული ფულის – ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ცნობადობას საზოგადოებაში და შესაბამისად დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე. 

სხვა სიახლეები