კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები
2008 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 480.2 მლნ ლარით, ანუ 6.7 პროცენტით გაიზარდა და 7688.4 მლნ ლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 212.7 მლნ ლარით (14.5 პროცენტით) გაიზარდა და 1683.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წარმოადგენს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 21.9 პროცენტია (ნაცვლად 20.4 პროცენტისა წლის დასაწყისისათვის). განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 48.3 მლნ ლარი, ანუ 10.6 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 14 ერთეულამდე, ხოლო მათი წილი ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში - 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 65.2 პროცენტი შეადგინა.
2008 წლის იანვარ – თებერვალში მოქმედი ბანკების შემოსავლები 2.2-ჯერ გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 249.7 მლნ ლარს გაუტოლდა.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 17.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.6 მლნ ლარით, ანუ 8.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ზრდამ ხელი შეუწყო საპროცენტო შემოსავლების ზრდას. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 65.8 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი შემოსავლების 56.4 პროცენტი შეადგინა.
კომერციული ბანკების ხარჯების მთლიანმა მოცულობამ იანვარ-თებერვალში 226.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.6-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ხარჯების ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის როგორც არარეზიდენტი ბანკებიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე გადახდილ პროცენტებზე, ასევე რეკლამის, კომუნალურ და საფოსტო ხარჯებზე. ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 9.1-ჯერ გაიზარდა 2007 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით.
გასულ წელთან შედარებით საბანკო სექტორის აქტივების კონცენტრაციის დონე პრაქტიკულად არ შეცვლილა. უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80.4-დან 80.9 პროცენტამდე გაიზარდა.
საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ თებერვლის ბოლოს 1.4 პროცენტი, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ - 6.5 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 2.6 და 12.3 პროცენტისა, შესაბამისად, გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის).
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.