კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები

კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები

30 მაისი, 2008

2008 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1068.5 მლნ ლარით, ანუ 14.8 პროცენტით გაიზარდა და 8276.6 მლნ ლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 283.5 მლნ ლარით (19.3 პროცენტი) გაიზარდა და 1754.6 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც წარმოადგენს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 21.2 პროცენტს (ნაცვლად 20.4 პროცენტისა წლის დასაწყისისათვის). განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 102.7 მლნ ლარი, ანუ 22.6 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 14 ერთეულამდე გაიზარდა, ხოლო მათმა წილმა ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში 4.3 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 68.5 პროცენტი შეადგინა.

2008 წლის იანვარ-აპრილში მოქმედი ბანკების შემოსავლები 2.1-ჯერ გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 498.8 მლნ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 29.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3.9 მლნ ლარით, ანუ 11.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების მოცულობის ზრდამ ხელი შეუწყო საპროცენტო შემოსავლების ზრდას. წინა წელთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 67.7 პროცენტით მოიმატა და მთლიანი შემოსავლების 61.1 პროცენტს გაუტოლდა.

კომერციული ბანკების ხარჯების მთლიანმა მოცულობამ იანვარ-აპრილში 454.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.3-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ხარჯების ზრდის უდიდესი ნაწილი როგორც არარეზიდენტი ბანკებიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე გადახდილ პროცენტებზე, ასევე რეკლამის, კომუნალურ და საფოსტო ხარჯებზე მოდის.

უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80.4-დან 78.9 პროცენტამდე შემცირდა.

საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ აპრილის ბოლოს 1.5 პროცენტი, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ 7.0 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 2.8 და 13.9 პროცენტისა, შესაბამისად, გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის).

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები