კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები

კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები

29 სექტემბერი, 2008
2008 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკით არის  წარმოდგენილი, მათ შორის: 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 989.2 მლნ ლარით ანუ 13.7 პროცენტით გაიზარდა და 8197.4 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა აგვისტოში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 7.9 პროცენტით ანუ 701.5 მლნ ლარით შემცირდა, მათ შორის: საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრები - 35.3 პროცენტით (494.1 მლნ ლარი), საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები - 28.0 პროცენტით (64.5 მლნ ლარი), წმინდა სესხები - 3.9 პროცენტით (211.0 მლნ ლარი), არასაბანკო დეპოზიტები, მათ შორის ვადიანი დეპოზიტები, 13.4 და 14.3 პროცენტით (შესაბამისად, 475.6 და 258.3 მლნ ლარი) შემცირდა.

წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 359.2 მლნ ლარით (24.4 პროცენტი) გაიზარდა და 1830.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 22.3 პროცენტს შეადგენს. განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 137.2 მლნ ლარი, ანუ 30.2 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან  14 ერთეულამდე გაიზარდა და მათმა წილმა ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში 68.6 პროცენტი შეადგინა.

2008 წლის იანვარ-აგვისტოში მოქმედი ბანკების შემოსავლებმა 1094.3 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა  1001.2 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 67.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9.6 მლნ ლარით ანუ 12.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აგვისტოს ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ - 1.2 პროცენტი, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ 5.8 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 2.2 და 11.4 პროცენტისა, შესაბამისად, გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის).

უმსხვილესი აქტივების მქონე 5 ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80.4-დან 77.5 პროცენტამდე შემცირდა.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
სხვა სიახლეები