კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები
2009 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი, მათ შორის, 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 319.1 მლნ ლარით, ანუ 3.6 პროცენტით შემცირდა და 8546.5 მლნ ლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 7.9 მლნ ლარით (0.5 პროცენტი) შემცირდა და 1509.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 17.7 პროცენტს შეადგენს. განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 8.3 ათასი ლარი შეადგინა. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, არ შეცვლილა და ბანკების საერთო განაღდებულ საწესდებო კაპიტალში მათმა წილმა 73.5 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი აქტივების მქონე 5 ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 79.3-დან 78.3 პროცენტამდე შემცირდა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/