კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები
2009 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 624.9 მლნ ლარით, ანუ 7.0 პროცენტით შემცირდა და 8240.7 მლნ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1495.6 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 18.1 პროცენტია. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, არ შეცვლილა და მათმა წილმა ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 85.7 პროცენტი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 79.3–დან 78.8 პროცენტამდე შემცირდა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge