კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

30 მარტი, 2011

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 1.6 პროცენტით, ანუ 101.6 მლნ ლარით შემცირდა და მიმდინარე წლის 1 მარტისათვის 6.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.3 პროცენტით, ანუ 4.8 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 2.3 პროცენტით, ანუ 106.3 მლნ ლარით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 611.6 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტით ანუ 2.9 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.9 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.8 პროცენტით ანუ 83.1 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 52.1 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2011 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.0 პროცენტით ანუ 18.4 მლნ ლარით შემცირდა და 1.8 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.2 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი მარტისათვის 752.1 მლნ ლარით განისაზღვრა (6.1 პროცენტით ანუ 48.9 მლნ ლარით ნაკლები წინა თვესთან შედარებით); 10.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 371.3 მლნ ლარია (2.9 პროცენტით, ანუ 11.3 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83.7 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2011 წლის თებერვლის  თვის განმავლობაში 0.8 პროცენტით ანუ 19.9 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის  2.4 მლრდ ლარის დონეზე დარჩა.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

 

სხვა სიახლეები