კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 5.9 პროცენტით, ანუ 384.1 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 6.9 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 5.5 პროცენტით, ანუ 99.2 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 6.1 პროცენტით, ანუ 284.9 მლნ ლარით.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 661.9 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.1 პროცენტით ანუ 26.3 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.3 მლრდ ლარის (შესაბამისად, 8.8 პროცენტით ანუ 265.5 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 51.6 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2011 წლის მაისთან შედარებით, ივნისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 9.4 პროცენტით ანუ 174.9 მლნ ლარით გაიზარდა და 2.0 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი ივლისისათვის 766.0 მლნ ლარით განისაზღვრა (0.9 პროცენტით ანუ 6.8 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.2 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 442.0 მლნ ლარია (12.6 პროცენტით, ანუ 49.5 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 82.1 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2011 წლის ივნისის განმავლობაში 4.6 პროცენტით ანუ 116.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 2.7 მლრდ ლარს მიაღწია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge