კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2012 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.05 პროცენტით, ანუ 4.0 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 8.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15.1 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 11.1 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2012 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 867.2 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტით ანუ 4.2 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.8 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.2 პროცენტით ანუ 8.5 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 47.9 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, ა/წ ნოემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.8 პროცენტით ანუ 18.4 მლნ ლარით გაიზარდა და 2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.7 პროცენტი შეადგინა, რაც 2012 წლის პირველი დეკემბრისათვის 970.3 მლნ ლარით განისაზღვრა (0.1 პროცენტით ანუ 0.9 მლნ ლარით ნაკლები წინა თვესთან შედარებით); 8.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 398.9 მლნ ლარია (3.4 პროცენტით, ანუ 14.0 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 77.1 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2012 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.6 პროცენტით ანუ 19.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 3.5 მლრდ ლარს გადააჭარბა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306