კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3.0 პროცენტით, ანუ 284.1 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 9.9 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 230.8 მლნ ლარით (6.7 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 53.2 მლნ ლარით (0.9 პროცენტით) გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 10.9 პროცენტით ანუ 98.7 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.0 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.0 პროცენტით ანუ 40.6 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 45.9 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.8 პროცენტით ანუ 41.7 მლნ ლარით შემცირდა და 2.3 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 17.2 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი დეკემბრისათვის 863.6 მლნ ლარით განისაზღვრა (2.9 პროცენტით ანუ 24.5 მლნ ლარით მეტი პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით); 7.9 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 397.5 მლნ ლარია (1.9 პროცენტით, ანუ 7.3 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 71.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2013 წლის ნოემბრის განმავლობაში 2.9 პროცენტით ანუ 128.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 4.5 მლრდ ლარს მიაღწია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306