კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 6.0 მლრდ ლარია

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 6.0 მლრდ ლარია

06 თებერვალი, 2009

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), გასული წლის დასაწყისთან შედარებით, 1401.6 მლნ ლარით (30.6 პროცენტი) გაიზარდა და  2009 წლის პირველი იანვრისათვის 6.0 მლრდ ლარს მიაღწია. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 13.0 პროცენტით გაიზარდა და 1.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდამ 38.7 პროცენტი შეადგინა  და  4.4 მლრდ ლარს მიაღწია. სესხების საერთო მოცულობის ზრდის 86.6 პროცენტი უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის შედეგია.

2008 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 678.5 მლნ ლარის (წლის დასაწყისთან შედარებით, 12.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.6 მლრდ ლარის (წლის დასაწყისთან შედარებით, 27.0 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

აღნიშნულ პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში, სადაც ეს მაჩვენებელი თითქმის 2.0-ჯერ გაიზარდა  და  138.7 მლნ ლარი შეადგინა; 1.6-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში და 36.1 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელოა –  შესაბამისად, 4.2 და 1.1 პროცენტი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 47.1 პროცენტი, ვაჭრობის სფეროზე მოდის. განვლილ 12 თვეში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 14.8 პროცენტით გაიზარდა და 1.6 მლრდ ლარს მიაღწია. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.4 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის პირველი იანვრისათვის 679.7 მლნ ლარით განისაზღვრა (29.0 პროცენტით მეტი წლის დასაწყისთან შედარებით); 12.1 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 401.1 მლნ ლარია (შესაბამისად, 9.7 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2008 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად – 57.8 პროცენტით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის პირველი იანვრისათვის 2.5 მლრდ ლარს მიაღწია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე:
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306.

სხვა სიახლეები