კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 5.8 მლრდ ლარის ტოლია
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), გასული წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, 956.8 მლნ ლარით (19.8 პროცენტი) გაიზარდა და 2009 წლის პირველი მარტისათვის 5.8 მლრდ ლარს მიაღწია. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 7.5 პროცენტით, ანუ 1.5 მლრდ ლარამდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდამ 33.3 პროცენტი შეადგინა და 4.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამდენად, სესხების საერთო მოცულობის ზრდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის შედეგია.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 597.3 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.6 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22.2 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.
აღნიშნულ პერიოდში დაკრედიტების მოცულობა უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში 1.7-ჯერ გაიზარდა და 137.1 მლნ ლარი შეადგინა; 1.4-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში და 37.5 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელოა.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 47.0 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. განვლილ 12 თვეში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 3.9 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს მიაღწია.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.9 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის პირველი მარტისათვის 631.1 მლნ ლარით განისაზღვრა (18.6 პროცენტით მეტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); 12.3 პროცენტი მშენებლობის წილია, რაც 390.7 მლნ ლარია (შესაბამისად, 4.4 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.3 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
გასული 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად – 36.5 პროცენტით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის 1 მარტისათვის 2.3 მლრდ ლარს მიაღწია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306