კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 5.4 მილიარდი ლარია
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), გასული წლის 1 ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, 12.0 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა და 2009 წლის 1 ივნისისათვის 5.4 მლრდ ლარს მიაღწია. სესხების საერთო მოცულობის ზრდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის შედეგია. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 32.3 პროცენტით, ანუ 1.3 მლრდ ლარამდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდამ 17.7 პროცენტი შეადგინა და 4.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 472.3 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2–ჯერ ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.4 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.3 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. განვლილ 12 თვეში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 8.9 პროცენტით შემცირდა და 1.3 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.6 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის 1 ივნისისათვის 566.6 მლნ ლარით განისაზღვრა (9.1 პროცენტით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); 12.3 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 357.1 მლნ ლარია (16.0 პროცენტით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.2 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
გასული 12 თვის განმავლობაში 4.6 პროცენტით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის 1 ივნისისათვის 2.2 მლრდ ლარს მიაღწია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge