კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 5.3 მილიარდი ლარია
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, 26.9 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) შემცირდა და 1 აგვისტოსათვის 5.3 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 16.4 მლნ.ლარით (1.3 პროცენტით) შემცირდა და 1.2 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები 10.5 მლნ.ლარით (0.3 პროცენტით) შემცირდა და 4.1 მლრდ ლარი შეადგინა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 482.9 მლნ ლარის (გასული თვის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 0.1 პროცენტით ანუ 254.9 ათასი ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.5 მლრდ ლარის (გასული თვის მონაცემებთან შედარებით, 0.4 პროცენტით ანუ 9.5 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 45.5 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 0.9 პროცენტით შემცირდა და 1.4 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.9 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის 1 აგვისტოსათვის 623.2 მლნ ლარით განისაზღვრა (0.6 პროცენტით ნაკლები წინა თვესთან შედარებით); 12.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 358.9 მლნ ლარია (1.2 პროცენტით მეტი წინა თვესთან შედარებით). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.5 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
გასული თვის განმავლობაში – 0.8 პროცენტით შემცირდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის 1 აგვისტოსათვის 2.1 მლრდ ლარი შეადგინა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge