კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 6.0 მილიარდ ლარს მიაღწია
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), წლის დასაწყისთან შედარებით, 1402.8 მლნ ლარით (30.6 პროცენტით) გაიზარდა და 1 დეკემბრისათვის 6.0 მლრდ ლარს მიაღწია. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 16.0 პროცენტით გაიზარდა და 1.7 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდამ 37.3 პროცენტი შეადგინა და 4.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. სესხების საერთო მოცულობის ზრდის 83.5 პროცენტი უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის შედეგია, რაც მნიშვნელოვანწილად აშშ დოლარში დენომინირებული სესხების გადაფასებამ გამოიწვია. სესხების სტრუქტურა ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით, წლის დასაწყისთან შედარებით შეიცვალა უცხოური ვალუტის სასარგებლოდ და, შესაბამისად, 28 და 72 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 31 და 69 პროცენტისა).
საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო დაბანდების 3.5 პროცენტს ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისთან შედარებით მისი მოცულობა 2.8-ჯერ გაიზარდა და 1 დეკემბრისათვის 208.6 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი ვადაგადაცილებული დავალიანების 59.6 პროცენტი მოკლევადიან სესხებზე მოდის.
რაც შეეხება ვადიანი სესხების სტრუქტურას მსესხებლის კატეგორიების მიხედვით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2008 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 666.2 მლნ ლარის (წლის დასაწყისთან შედარებით 13.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 2.6 მლრდ ლარის (შესაბამისად, 24.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.
აღნიშნულ პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში, სადაც ეს მაჩვენებელი 2.0-ჯერ გაიზარდა და 152.6 მლნ ლარი შეადგინა; 1.7-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში და 38.1 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელოა - შესაბამისად, 4.7 და 1.2 პროცენტი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47.4 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. განვლილ 11 თვეში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 13.4 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.1 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის 1 დეკემბრისათვის 687.2 მლნ ლარით განისაზღვრა (30.5 პროცენტით მეტი წლის დასაწყისთან შედარებით); 11.3 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 367.8 მლნ ლარია (შესაბამისად, 0.6 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.7 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად - 58.5 პროცენტით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის 1 დეკემბრისათვის 2.5 მლრდ ლარი შეადგინა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge//index.php?m=306