კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.9 მლრდ ლარს მიაღწია

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.9 მლრდ ლარს მიაღწია

02 მარტი, 2009

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), გასული წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, 1189.3 მლნ ლარით (25.5 პროცენტი) გაიზარდა და 2009 წლის პირველი თებერვლისათვის 5.9 მლრდ ლარს მიაღწია, მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.6 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდამ 36.4 პროცენტი შეადგინა და 4.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. სესხების საერთო მოცულობის ზრდის 96.8 პროცენტი უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის შედეგია.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 649.2 მლნ ლარის (2008 წლის პირველი თებერვლის მონაცემთან შედარებით, 18.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 2.6 მლრდ ლარის (შესაბამისად, 24.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული.

აღნიშნულ პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში, სადაც ეს მაჩვენებელი თითქმის 1.7-ჯერ გაიზარდა და 137.8 მლნ ლარი შეადგინა; 1.5-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში და 35.7 მლნ ლარი შეადგინა. ამდენითვე გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში და 73.3 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელოა – შესაბამისად, 4.2, 1.1 და 2.3 პროცენტი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 47.4 პროცენტი, ვაჭრობის სფეროზე მოდის. განვლილ 12 თვეში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 11.4 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.4 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის პირველი თებერვლისათვის 662.8 მლნ ლარით განისაზღვრა (27.9 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); 11.9 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 388.1 მლნ ლარია (შესაბამისად, 6.1 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.7 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

გასული 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად – 47.4 პროცენტით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის პირველი თებერვლისათვის 2.4 მლრდ ლარს მიაღწია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/

სხვა სიახლეები