კომერციული ბანკების მიერ სესხების ლარში გაცემა მომგებიანი ოპერაცია გახდა
27 ივნისი, 2005
2005 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებამ 45,4 მლნ ლარით მოიმატა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 15,7 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული 14,2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის ხუთ თვეში იმატა საბანკო სისტემის მიერ ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამაც – 215 მლნ ლარით (22,7%-ით) გაიზარდა და 1,163 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდის ტემპმა უცხოური ვალუტით გაცემულს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი მაისში, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, 85,7%-დან 82,7%-მდე შემცირდა.
2005 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საბანკო სისტემის მიერ ლარში განხორციელებული დაკრედიტების მოცულობამ 49,3%-ით, ანუ 63,6 მლნ ლარით მოიმატა და 192,6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2004 წლის მანძილზე საბანკო სისტემის მიერ ეროვნული ვალუტით დაკრედიტება მხოლოდ 37,1 მლნ ლარით იყო გაზრდილი. ამასთან, გასული წლის 31 მაისთან შედარებით, ეს პარამეტრი 2,5-ჯერ, ანუ 115,6 მლნ ლარით არის მომატებული. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის შეფასებით, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდა ლარის სტაბილურობით აიხსნება, რის გამოც კომერციული ბანკებისათვის ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემა მომგებიანი ოპერაცია გახდა.
კომერციული ბანკების მიერ ლარით გაცემული სესხების სტრუქტურაში 66% იურიდიულ პირებს ეკუთვნით. ამასთან, გაცემული სესხების 74% (142,5 მლნ ლარი) მოკლევადიან სესხებს წარმოადგენს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე გრძელვადიანი სესხების მოცულობა, დაახლოებით, 57%-ით გაიზარდა და 50,1 მლნ ლარი შეადგინა.
საანალიზო პერიოდში უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების ზრდამ 81 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა და 31 მაისისათვის 526,4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (შედარებისთვის, 2004 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 123 მლნ აშშ დოლარით იყო გაზრდილი). ამ სესხების 67% გრძელვადიან, ხოლო 74% იურიდიული პირებისათვის გაცემულ კრედიტებს წარმოადგენს.
კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება დაბალი საპროცენტო განაკვეთებით ხორციელდება. მაგალითად, მიმდინარე წლის აპრილში ეროვნული ვალუტით სესხებს, საშუალოდ, 22,2%-იანი განაკვეთით გასცემდნენ, რაც 3,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ამავე თვეში უფრო დაბალი (წლიური 19%) საპროცენტო განაკვეთებით ხდებოდა იურიდიული პირების დაკრედიტება.
საანალიზო პერიოდში 3,7 პროცენტული პუნქტით, 16,5%-მდე დაიკლო უცხოური ვალუტით დაკრედიტების განაკვეთებმა. იურიდიული პირები სესხებს შედარებით დაბალი განაკვეთით, საშუალოდ, 14,6%-ით იღებდნენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების დასაკრედიტებლად კომერციულ ბანკებში აკუმულირებულმა ჭარბმა სალარე სახსრებმა, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთების კლება გამოიწვია.
მისივე შეფასებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირებას სალარე სასესხო რესურსებზე სავარაუდოდ, კომერციული ბანკების მიერ ლარებში აკუმულირებული ჭარბი სახსრების ათვისების სურვილმა შეუწყო ხელი.
ამდენად, საპროცენტო განაკვეთების კლებამ ქვეყნის საფინანსო და ფულად ბაზრებზე, სავალუტო ბაზრის წონასწორულმა მდგომარეობამ, ლარის კურსის სტაბილურობამ და ბანკებში არსებულმა ჭარბმა რესურსებმა ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით დაბალი საპროცენტო განაკვეთებით ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობის ზრდის წინაპირობა შექმნა.