კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 3.6 მილიარდ ლარს მიაღწია

კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 3.6 მილიარდ ლარს მიაღწია

23 ივლისი, 2007
2007 წლის ივნისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 1.3 მლრდ ლარით (58 პროცენტით) გაიზარდა და 3.6 მლრდ ლარს მიაღწია. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 53 პროცენტით მოიმატა და 912 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ოდენობა 70 პროცენტით არის გაზრდილი და 1.6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით,  2007 წლის პირველი ივლისისათვის კომერციულ ბანკებს უშუალოდ ეკონომიკის სექტორების დასაკრედიტებლად ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 510 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22 პროცენტით მეტი) სესხი, ხოლო უცხოური ვალუტით – 1.9 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხები. საანალიზო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორის დაკრედიტება  112 პროცენტით გაიზარდა  და 31.5 მლნ ლარი შეადგინა. მრეწველობის სექტორისათვის გაცემული სესხების ოდენობა 67 პროცენტით გაიზარდა და 486.5  მლნ ლარს შეადგენს, მშენებლობის დაკრედიტება 63 პროცენტით, 266 მლნ ლარამდე, ხოლო ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობამ  47 პროცენტით მოიმატა და 1.9 მლრდ ლარს გაუტოლდა.   საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში განათლების სექტორის დაკრედიტება 59 პროცენტით, 6 მლნ ლარამდე გაიზარდა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დაკრედიტება კი 153 პროცენტით, 20.9 მლნ ლარამდე.  2007 წლის პირველი ივლისისათვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკებიდან სასტუმროებისა და რესტორნების ქსელისათვის გაცემული იყო 88 პროცენტით მეტი სესხი  და ამ მაჩვენებელმა 49.6 მლნ ლარი შეადგინა.   ამასთან, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორის დაკრედიტება 76 პროცენტით,  51 მლნ ლარამდე გაიზარდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებითა და ეკონომიკური აქტივობის ამაღლებით, ასევე, მათ მიერ მოზიდული ლიკვიდური სახსრების ოდენობის ზრდითა და ახალი საკრედიტო ხაზების გახსნის შედეგად მიღებული  რესურსების მატებით.   საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტება სექტორების მიხედვით  (2007 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით)
სხვა სიახლეები