კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 4.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა

კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 4.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა

02 მაისი, 2008

2008 წლის მარტის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 2.0 მლრდ ლარით (67.0 პროცენტით) გაიზარდა და 4.9 მლრდ ლარს გადააჭარბა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 2.2-ჯერ მოიმატა და 1.7 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 47.6 პროცენტით განისაზღვრა  და  3.2 მლრდ ლარს აღემატება. ამასთან, სესხების სტრუქტურა, ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით, იმავე პერიოდში  მნიშვნელოვნად შეიცვალა და, შესაბამისად, 34 და 66 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 25 და 75 პროცენტისა).

უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხები (67.8 პროცენტით, 65.3 პროცენტთან შედარებით მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო მოცულობაში 68.8 პროცენტი შეადგინა, გასული წლის მარტის ბოლოს დაფიქსირებული 68.4 პროცენტის ნაცვლად.

რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით, იურიდიული პირებისათვის 2008 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 923.8 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1-ჯერ მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 2.1 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.2 პროცენტით მეტი) ოდენობის სესხი.

საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორში, სადაც ეს მაჩვენებელი 2.6-ჯერ გაიზარდა  და  60.7 მლნ ლარი შეადგინა; 1.6-ჯერ გაიზარდა განათლების სექტორისათვის გაცემული სესხები და 8.5 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი დაკრედიტების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელოა,  შესაბამისად, 2.0 და 0.3 პროცენტის დონეზე რჩება.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი ვაჭრობის სფეროზე მოდის - 47.4 პროცენტი. უკანასკნელ ერთ წელიწადში ამ სექტორზე გაცემული სასესხო რესურსი 52.1 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობისათვის გაცემული სესხების წილი იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობაში 18.4 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის 1-ლი აპრილისათვის 559.1 მლნ ლარით განისაზღვრებოდა (34.6 პროცენტით მეტი 2007 წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით); 13.8 პროცენტი გაცემულია მშენებლობის სექტორზე და თანხობრივად 419.6 მლნ ლარს შეადგენს (შესაბამისად, 85.1 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად - 2.1-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის 1-ლი აპრილისათვის 1.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებაზე მიუთითებს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები