კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 4.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა
04 თებერვალი, 2008
2007 წლის დეკემბრის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრე- დიტება 1.9 მლრდ ლარით (70.8 პროცენტით) გაიზარდა და 4.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 59.1 პროცენტით განისაზღვრა და მისმა მოცულობამ 3.1 მლრდ ლარს მიაღწია. ამასთან, სესხების სტრუქტურა ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით, იმავე პერიოდში, შეიცვალა და, შესაბამისად, 31.3 და 68.7 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 26.2 და 73.8 პროცენტისა).
უკანასკნელ ერთ წელიწადში კვლავ გრძელდებოდა სესხების საშუალო ვადიანობის ზრდის ტენდენცია. საანგარიშო წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 14.2–დან 14.6 თვემდე გაიზარდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მიხედვით – 12.2–დან 13.0 თვემდე, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მიხედვით – 15.8–დან 16.3 თვემდე. შედეგადაც წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა (75.9 პროცენტით, 59.8 პროცენტთან შედარებით მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო მოცულობაში 70.4 პროცენტი შეადგინა, გასული წლის დეკემბრის თვის ბოლოს დაფიქსირებული 68.3 პროცენტის ნაცვლად.
რაც შეეხება სესხების სტრუქტურას, იურიდიული პირებისათვის 2008 წლის 1 იანვრისათვის კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 773.7 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით 78.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.1 მლრდ ლარის (შესაბამისად, 46.1 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.
საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორში, სადაც ეს მაჩვენებელი 3.2-ჯერ გაიზარდა და 56.7 მლნ ლარი შეადგინა; 3.4–ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა განათლების სექტორში და 9.2 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი დაკრედიტების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელო, შესაბამისად, 2.0 და 0.3 პროცენტის დონეზე რჩება.
დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი ვაჭრობის სფეროზე მოდის – 47.7 პროცენტი (ნაცვლად 45.2 პროცენტისა 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით). ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 62.4 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების საერთო მოცულობაში 18.4 პროცენტს შეადგენს (ნაცვლად 20.1 პროცენტისა 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით), რაც 2008 წლის დასაწყისისათვის 526.7 მლნ ლარით განისაზღვრებოდა (40.9 პროცენტით მეტი 2007 წლის დასაწყისთან შედარებით). მთლიანი დაკრედიტების 12.8 პროცენტი მოდის მშენებლობაზე (შესაბამისად, 11.1 პროცენტი), რაც 365.7 მლნ ლარია (შესაბამისად, 76.7 პროცენტით მეტი). ამდენად, ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად – 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის 1 იანვრისათვის 1.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.